მსოფლიოს დიდ ქვეყნებში გამოკვლევებით დადგენილია, რა ოდენობის ელექტრომაგნიტური გამოსხივება უნდა ჰქონდეს მობილურ ტელეფონს. საერთოდ, ყველა მობილური ტელეფონის პასპორტში წერია, რა რაოდენობის ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვს მას.
საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - დაცულია კი მომხმარებელი ამ ტელეფონის მავნე ზემოქმედებისგან? .. გვესაუბრებიან თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გამოყენებითი ელექტროდინამიკისა და რადიოტექნიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ზარიძე
რევაზ ზარიძე, პროფესორი: - 1996 წლიდან კომპანია "მოტოროლაში" კონტრაქტორად ვმუშაობდი და მობილური ტელეფონების მიმღებ-გადამცემი მოწყობილობის (ანტენების) გამოსხივებას ვსწავლობდით. ისეთი მოწყობილობის შექმნა გვინდოდა, რომელიც მომხმარებელს არ ავნებდა. როდესაც ადამიანი მობილური ტელეფონით ლაპარაკობს, გამოსხივება საკმაოდ ძლიერია; როდესაც უსმენს - მხოლოდ საერთო ფონური გამოსხივების ზონაში იმყოფება. მობილური ტელეფონი საკმაოდ "ჭკვიანია" - ეკონომიურად ხარჯავს ენერგიას. რაც უფრო ახლოს დგას ადამიანი საბაზო სადგურთან, მით ნაკლებ ენერგიას გამოასხივებს მობილური. როცა მობილური ძნელად იჭერს, ის ცდილობს, დიდი ენერგია გამოასხივოს, საუბრის კარგი ხარისხი რომ უზრუნველყოს... არსებობს ორგანიზაცია (მობაილ მენიფექჩერინგ ფორუმი), რომელშიც მობილური ტელეფონების მწარმოებელი 15 უდიდესი კომპანიაა გაერთიანებული. ამ კომპანიებს მკაცრად მოეთხოვებათ რამდენიმე საკითხის გადაჭრა, მათ შორის იმის შესწავლა, როგორ მოქმედებს მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება მომხმარებელზე.
- როგორ მოქმედებს?
- მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მობილურის გამოყენებით გამოწვეული დაავადების სიმპტომები მომხმარებელს რამდენიმე წლის შემდეგ გამოაჩნდება. ამიტომ ზემოხსენებულმა 15-მა ორგანიზაციამ გამოყო განსაზღვრული თანხა, შექმნა და შეადგინა შესასწავლი საკითხების ნუსხა. ამ ფორუმში ჩვენც ვმონაწილეობდით და კონკურსშიც გავიმარჯვეთ. თსუ-ში, ჩვენს ლაბორატორიაში, უკვე მეხუთე წელია, ამ საკითხებზე ვმუშაობთ.
- როგორ მოვიხმაროთ მობილური ტელეფონი? - ჩვენს ქვეყანაში მობილური ტელეფონის მოხმარების კულტურა არ არსებობს. ადამიანმა ასეთი აპარატით ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკოს, რადგან რაც უფრო მეტად ვუწევთ ხმას, მით უფრო მეტ გამოსხივებას გამოსცემს აპარატი. მე ყოველთვის სპიკერით ვლაპარაკობ და ტელეფონი ყურთან არ მიმაქვს. - ყურსასმენით ლაპარაკისას რა ხდება? - ეს მეთოდი ყველაზე უარესია, რადგან გამოსხივების მთელი ენერგია სადენის საშუალებით პირდაპირ თავზე მოქმედებს. მობილური ტელეფონების მწარმოებელ კომპანიებს ევალებათ, მომხმარებელს აცნობონ, რა ოდენობის გამოსხივებას გამოსცემს მათი ნაწარმი. ეს მონაცემები თითოეულ ტელეფონს ახლავს, მაგრამ ჩვენში ყურადღებას არ აქცევენ. იყო ასეთი შემთხვევა: კომპანია "მოტოროლამ" გამოუშვა მობილური ტელეფონები, რომლებსაც ამერიკაში წუნი დასდეს და კომპანიას მათი გაყიდვის ნება არ მისცეს, ამიტომ "მოტოროლამ" ეს ტელეფონები სხვა ქვეყნებში გაასაღა. მას შემდეგ მობილურის გამოსხივების დონე უამრავ ქვეყანაში მოწმდება, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ეს ზედმეტად მიაჩნიათ. მომხმარებელი იმაზე არ ფიქრობს, რა ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას ასეთი აპარატების ხანგრძლივი გამოყენება. მწარმოებელი კომპანიები იმასაც ამოწმებენ, რა რაოდენობით გამოყოფს ტელეფონი ენერგიას და მოხმარების გარკვეული დროის შემდეგ რამდენით ზრდის ტვინში ტემპერატურას. აღმოჩნდა, რომ ზოგი ტელეფონის გავლენით, 15-20-წუთიანი საუბრის შემდეგ, ტვინის ტემპერატურა 0,8 გრადუსით იზრდება, რაც არასასურველია. ელექტრომაგნიტური გამოსხივება ისედაც ჭარბად არის ჩვენ გარშემო, - მას გამოასხივებს რადიო და ტელეგადამცემები, უმავთულო ინტერნეტი, ტელეფონები, კომპიუტერი... ასეთი გამოსხივება ნებისმიერ ოთახში არსებობს, თუმცა, ზოგ ადგილას მაღალია, ზოგან - დაბალი. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, სად დავდგათ საწოლი ან სამუშაო მაგიდა. თუ თქვენი საწოლი იმ ადგილას დგას, სადაც გამოსხივება ჭარბია, შესაძლოა, ცუდი ძილი სწორედ ამის ბრალი იყოს. გარდა ამისა, გამოსხივება იწვევს დაღლილობას, სისუსტეს... განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ნაავადმყოფარ და ჯანმრთელობაშერყეულ ადამიანებზე. ჩვენს ქვეყანაში არც სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ექცევა ყურადღება. მაგალითად, ვიდრე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ანძებს დააყენებენ, სპეციალური გაზომვები უნდა ჩატარდეს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ... ფილარმონიის სახურავზე დგას მობილური კავშირგაბმულობის გადამცემი ანტენები, რომლებიც ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლს დაჰყურებს, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევს, ახალშობილების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს რომ უქმნიან, ვერ ხვდებიან. კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობს მეცნიერი ბესო ფარცვანია. რომელმაც ექსპერიმენტებით დაამტკიცა, რომ მობილური ტელეფონის გამოსხივება მეხსიერებაზე უარყოფითად მოქმედებს.
ჩვენ მზად ვართ, შევქმნათ და საქართველოში დავნერგოთ ისეთი ხელსაწყო, რომელიც გამოსხივების ინტენსივობას შეამოწმებს, ამ საქმეში ჩართული მყავს რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა, ზოგი დოქტორანტია, ზოგიც მაგისტრანტი, მაგრამ ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ასეთ საკითხებს ყურადღება არ ექცევა, საზღვარგარეთ მიდიან. მარტო ჩვენი ლაბორატორიიდან ათი უნიჭიერესი ახალგაზრდაა წასული. ჩემი ასპირანტი ამერიკაში ტრეინინგზე მიიწვიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მან იქაურებზე მეტი იცოდა და დაიტოვეს. დღეს ის ამერიკულ "მოტოროლაში" მუშაობს.
P.S. თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმმა, ონკოლოგმა მაკა მაღლაკელიძემ განგვიცხადა, რომ, მართალია, მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც იმატა თავის ტვინის სიმსივნით დაავადების შემთხვევებმა, მაგრამ არის თუ არა ამის მიზეზი მობილური ტელეფონები, ჯერ არ დადასტურებულა თუმცა შვედმა მეცნიერებმა ეს უკვე მსოფლიო მეცნიერებს დაუმტკიცეს.